თავდაცვის სამინისტრო სისტემაში საპენსიო რეფორმას გეგმავს, - თინათინ ხიდაშელმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, თავდაცვის სამინისტროს 2016 წლის საკანონმდებლო გეგმაზე ისაუბრა.
მისი თქმით, სამინისტროს ამოცანაა, რომ სამხედრო მოსამსახურეები, ისევე, როგორც ეს პოლიციის შემთხვევაში მოხდა, თავს დაცულად გრძნობდნენ.
„უკვე მზად გვაქვს ჰაუპტვახტების გაუქმების პროექტი, რომელსაც პარლამენტში არ სჭირდება დამტკიცება, მაგრამ ასევე ჩვენი საკანონმდებლო საქმიანობის ნაწილია. ასევე გამოვედით წინადადებით, რომ მაქსიმალურად ქართულ კვებაზე გადავიდეს ქართული ჯარი“, - ამბობს თინათინ ხიდაშელი.
საქართველოს პარლამენტში დღეს მთავრობის წევრობის კანდიდატებს უსმენენ. გაიმართება. ახალი მინისტრთა კაბინეტისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს კი პარლამენტი ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს.
მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა. საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დასახელდა, რომელიც პრეზიდენტმა პარლამენტს წარუდგინა.
კვირიკაშვილმა პარლამენტს ნდობის გამოსაცხადებლად მთავრობა თითქმის უცვლელი შემადგენლობით წარუდგინა. რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას, ამ პოსტზე მიხეილ ჯანელიძეა წარდგენილი, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მანამდე კი 4 წლის განმავლობაში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო.